www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ახალი ხიბულა: ახალი ხიბულას შესახებ

ადმინისტრაციული შენობა

ახალი ხიბულა
ფართობი - 3270,14 ჰა.
მოსახლეობა - 2159 ადამიანი.
შემავალი სოფლები: ახალი ხიბულა (თემის ცენტრი), გაშფერდი, ზუბი.
 უბნები: საგოგიო, სავარდიო, სალაშხიო, სამალანიო, სანადარაიო, საქანთარიო, საღურწკაიო, საჯიქიო, საჯიშკარიანო.
 მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 22 კმ. 
 
ახალი ხიბულა - მდინარე ხობსა და ჭანისწყალს შორის მდებარე ბორცვგორაკიანი დასახლება მდებარეობს ზღვის დონიდან 105 მეტრზე. ქ. ხობიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ამ თემში სამი სოფელია გაერთიანებული: ახალი ხიბულა, გაშფერდი (მდინარე ჭანისწყლის მარცხენა მხარეს) და ზუბი, რომელიც მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 70 მ-ზე. ადრე ახალი ხიბულა და ძველი ხიბულა ერთ თემს წარმოადგენდა, მისი ადგილობრივი სახელწოდებაა „ხიბლა“. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი გაყოფილა და ორ სასოფლო საბჭოდ ჩამოყალიბებულა.
1996 წელს ახალ ხიბულაში ცხოვრობდა 183 გვარის 637 კომლი. ამჟამად თემში 2159 მცხოვრებია. თემში გავრცელებული გვარებია: ვარდია, ღურწკაია, ნადარაია, გაგუა, კიტია, ჯანჯღავა, ჯიშკარიანი, კვირკვაია, ბასილაია, ჭილაია, ბერაია, გოგია, მალანია, ლაშხია, ლომაია, კემულარია, ქვარცხავა...
თემში მოქმედებს ორი საჯარო სკოლა და ორი ბაგა-ბაღი.
ახალი ხიბულის ტერიტორიაზე კარგად ხარობს ჩაი, ეთერზეთოვანი კულტურები, თხილი, ციტრუსოვნები, მარცვლეული კულტურები, მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას.
სოფელ გაშფერდში არსებულ იოანე ნათლისმცემლის სახელობის და სოფელ ზუბის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიები საბჭოთა ხელისუფლებას დაუნგრევია. ახალხიბულელებს აქტური მონაწილეობა მიუღიათ 1924 წლის აჯანყებაში, აქ არსებულ შეიარაღებულ რაზმს ჯუგუ დადიანი ხელმძღვანელობდა, აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი დასახვრეტთა სიაში შეუყვანიათ, შემდეგ კი სასჯელის ზომა შეუცვლიათ და რამდენიმე წელი ციხეში გაუტარებია. მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში და მე-20 საუკუნის დამდეგს ახალ ხიბულაში მაია დადიანს ჰქონია სასახლე, იგი 1925 წელს გარდაცვლილა და ,,საღურწკაიოს’’ სასაფლაოზეა დაკრძალული. მაია დადიანი ცნობილი ქართველი მწერლის ფუცუ დგებუაძე-ფულარიას რომანის ,,ოქროს ბეჭედის’’ მთავარი პერსონაჟია.
თემის ტერიტორიაზე საინტერესო ტოპონიმები ფიქსირდება - სოფელ ახალ ხიბულაში: სიჭინაშ შარა - გზა ღურწკაიას ფონის გავლით, დადიაშ დოხორე, დიდბეგი - ვაკემაღლობი, დობერა - ფერდობები, კურკუცია - მრგვალი ბორცვი, ოხვამეფერდი - ბორცვი; სოფელ ზუბში: გაბარი - ბექი, სახნავი მიწები სახელწოდებებით: მენჯი - ჟღები, ლეფონი, ოჩელეტეში, ფაყე, ნამარანი ნოთე, ნაოხვამუ, ნაშხურუ, ქუცონა. მთავარანგელოზი (ღურწკაიეფიშ ოხვამე) - სასაფლაო საღურწკაიოში, ზუბიშ ოხვამე, ნაჭილუ - მინდორი, ხაიონი - მინდორი გაშფერდში: გა - სერი, ოქაჯე, ოჩოკოჩიშ ოხორუ. ღადიდი (ღაჯიჯი) - მდინარე, ოკურჩხალე - ღელე,
 სამეცნიერო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ახალი ხიბულის თემში არსებული არქეოლოგიური ძეგლები: ზუბში - „ნაოხვამუ“, გაშფერდში - „საკვირკვაიოს“ ძველკოლხური ნამოსახლარები და ადგილი, რომელსაც „ოტურეს“ ეძახიან, ხოლო სოფელ ახალ ხიბულაში „საადამიოს კურკუცია“. კურკუციას სამეგრელოში პატარა, ლამაზ ბორცვს ეძახიან, რომელიც ხელოვნურს წააგავს. მის სამხრეთით არის წყარო, რომელსაც „ბარბალეს წყაროს“ ეძახიან, ადგილობრივთა გადმოცემით ეს წყალი მრავალ დაავადებას უხდება.
ახალი ხიბულიდან არიან: ცნობილი მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელიზბარ ნადარაია, რომელიც 101 გამოცემული სამეცნიერო შრომის ავტორია და პროფესორი რევაზ კვირკვაია, იგი ეროვნული მუზეუმის არქეოლოგია და გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.
 
ლიტერატურა: 
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ.2007.
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007. 
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001
 

ასევე იხილე კატეგორიაში - ახალი ხიბულა: