ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი (შემდგომ - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომ - მერია) დასაქმებულ პირთა საქმიანობისა და ქცევის წესებს, სამუშაო დროის რეჟიმს, შრომის ანაზღაურების და შრომის პირობების დაცვის წესს.
2. შინაგანაწესი ვრცელდება მერიაში დასაქმებულ ყველა პირზე (შემდგომ - მოსამსახურეები), გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისებისა. შინაგანაწესი ასევე ვრცელდება ამ შინაგანაწესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე, ამავე პუნქტით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში.
3. პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ ვრცელდება ამ შინაგანაწესის მე-2-მე-6 მუხლები, მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-10 მუხლის მე-14 პუნქტი, მე-15-მე-17 მუხლები.
4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე არ ვრცელდება ამ შინაგანაწესის მე-10 მუხლის მე-14 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები.
5. შინაგანაწესის მიზნებია:
ა) მოსამსახურეთათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისთვის ხელის შეწყობა;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
ე) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა;
ვ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა;
ზ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.
6. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხზე გაცემული განკარგულების მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;
ე) მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;
ვ) მივლინების გაფორმების, მივლინებისა და სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესი;
ზ) შვებულების გაფორმებისა და შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
თ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
ი) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
კ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ლ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები და გამოყენების წესი;
მ) მოსამსახურის უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;
ნ) მერიასა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
მუხლი 2. სამუშაო დრო, სამუშაო დროის რეჟიმი და სამუშაო დროის გამოყენების პირობები
1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.
2. სამუშაო დღეებად განისაზღვრება დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
3. მოსამსახურეებისთვის ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღეში 8 საათით, ერთსაათიანი შესვენებით. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
4. მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროსთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.
5. სამუშო დღე იწყება 900 საათზე და მთავრდება 1800 საათზე.
6. შესვენების დრო განისაზღვრება 1300 საათიდან 1400 საათამდე.
7. უქმე დღეების წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება ერთი საათით.
8. სამუშაო დროის დროებითი ცვლილება (შემცირება) შეიძლება განხორციელდეს გამონაკლის შემთხვევებში, ექსტრემალური პირობების დროს (სტიქიური მოვლენები, ყინვა, განსაკუთრებული სიცხე, თანმდევი ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვით ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები) და ამ მიზნით დამატებით გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
9. სამუშაო დროის განსაზღვრული ვადით ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დღე-ღამის ხანგრძლივობის სეზონური ცვლილების გათვალისწინებით.
10. მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება ცალკეული პირების, ან პირთა ჯგუფის მიმართ დაწესდეს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.
11. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთათვის, შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.
12. ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) და სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მერიის მოსამსახურეთათვის ან მოსამსახურეთა ნაწილისთვის (გარდა იმ მოსამსახურეებისა, რომელთა სამსახურში ფიზიკურად ყოფნა/გამოცხადება აუცილებელია) მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დაწესდეს დისტანციური სამუშაო რეჟიმი, ან სამსახურში გამოცხადების ინდივიდუალური გრაფიკი.
13. სამუშაო საათების განმავლობაში მოსამსახურეს უფლება აქვს განსაზღვრული დროით გავიდეს სამსახურიდან მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის შემდეგ.
14. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი საქმიანობის გამო თავისი მოვალეობის შესასრულებლად, ან ხელმძღვანელის დავალებით იმყოფება მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.
მუხლი 3. დასვენების და უქმე დღეები
1. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა.
2. უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ან/და ამავე კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 4. დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი და ზეგანაკვეთური სამუშაო
1. მოსამსახურის მუშაობა დასვენების და უქმე დღეებში, შესვენების დროს, ან/და სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია.
2. მოსამსახურეს, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, შეუძლია სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ დარჩეს დაწესებულებაში დაწყებული სამუშაოს დასამთავრებლად, ან სამსახურში გამოვიდეს დასვენების ან უქმე დღეს.
3. ხელმძღვანელ პირთა მიერ დასვენების ან უქმე დღეს მოსამსახურის სამუშაოდ გამოძახება, ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში დატოვება დასაშვებია კანონმდებლობით გათვალისწინებულ და ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობებით.
4. წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოს არსებობის შემთხვევაში, ან როდესაც აუცილებელია დასრულდეს დაწყებული სამუშაო, რომელიც ვერ დამთავრდა სამუშაო დროის განმავლობაში ტექნიკური პირობების, შრომატევადობის, ან სირთულის გამო და რომელთა შესრულებაზე დამოკიდებულია მერიის შემდგომი მუშაობა, მოსამსახურე ხელმძღვანელის დავალებით შეიძლება დატოვებულ იქნეს სამსახურში სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, ან გამოძახებულ იქნეს სამუშაო ადგილზე.
5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დასვენების ან უქმე დღეებში მოქალაქის, ან ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე სათანადო დოკუმენტის (წერილი, ცნობა და მსგავსი) მომზადებასა და გაცემასთან, შესაძლებელია შესაბამისი უფლებამოსილი პირის მხრიდან გაიცეს მოთხოვნილი დოკუმენტი, რისთვისაც დასაშვებია ამ დღეს განხორციელდეს სათანადო საქმისწარმოება.
6. დასვენების, ან უქმე დღეებში საქმისწარმოება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს და უფლებამოსილი ან/და ხელმომწერი პირის მიერ დადასტურდეს შექმნილი დოკუმენტი, ან/და ხელი მოეწეროს საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემებში შექმნილ დოკუმენტებს.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დამატებითი დროის ფარგლებში მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაო ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ჩაითვლება მხოლოდ ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე მუშაობის შემთხვევაში და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ამ შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ დროს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობით დავალებად ითვლება შესაბამისი მოსამსახურის ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ: სამსახურის მოსამსახურეების (გარდა სამსახურის უფროსისა) მიმართ სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო სამსახურის უფროსის (სამსახურების უფროსების) მიმართ - მერის, ან შესაბამისი სამსახურის კურატორი მერის მოადგილის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლებელია გამოიცეს როგორც სამსახურის უფროსის (სამსახურების უფროსების) მიმართ, ასევე მერიის ნებისმიერი მოსამსახურის მიმართ, შესაბამისი სამსახურის უფროსის წინადადების საფუძველზე.
9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ისეთ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მერიის რამოდენიმე სამსახურის მოსამსახურეთა ერთობლივი საქმიანობა, მოსამსახურეთა სამუშაო ადგილზე გამოძახების, ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში დატოვების მიზნით შესაბამისი სამსახურის უფროსის (სამსახურების უფროსების) წინადადების (წინადადებების) საფუძველზე ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
10. სამსახურის უფროსის (სამსახურების უფროსების) წინადადებასა (წინადადებებსა) და შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების თარიღი და ამ სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი საათების რაოდენობა.
11. მოსამსახურის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მოხელის სურვილის შესაბამისად მისთვის სახელფასო დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით, რისთვისაც სათანადო ინფორმაციას და დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახურის უფროსი წარუდგენს მერს.
12. ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურების სახელფასო დანამატის სახით გაცემის შემთხვევაში, დანამატის ოდენობა ანგარიშდება თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებაში ზეგანაკვეთული სამუშაო დროის პროპორციულად და გაიცემა შრომის ანაზღაურების ფონდში გათვალისწინებული სახსრებისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით.
13. დასვენების და უქმე დღეებში საქმიანობის ზოგადი წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებით.
მუხლი 5. ნახევარ განაკვეთზე მუშაობა
1. ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, მოსამსახურე დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართავს მერს ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის მოთხოვნით.
3. მოსამსახურის წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის მოთხოვნის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საავადმყოფო ფურცელი და სხვა).
4. მერი განიხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის ან/და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. ნახევარ განაკვეთზე გადაყვანილი მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოცემული მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.
6. ნახევარ განაკვეთზე მუშაობის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებით.
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ორსულთა და მეძუძურ დედათა სამუშაო და დასვენების საათები და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8. ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 6. სამსახურში გამოუცხადებლობის (არყოფნის) და დაგვიანების შეტყობინების წესი
1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია მერს წარუდგინოს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
2. ავადმყოფობის მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა.
3. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს არყოფნის მიზეზი და სამსახურში გამოცხადების სავარაუდო თარიღი ან/და დრო. სამსახურში გამოცხადების შემდეგ მოსამსახურე მოთხოვნის შესაბამისად წარადგენს ახსნა-განმარტებით ბარათს სამსახურში არყოფნის მიზეზის მითითებით.
4. მოსამსახურეს გაცდენილი დღეები ჩაეთვლება საპატიოდ შესაბამისი განცხადების საფუძველზე და მერის და შესაბამისი სამსახურის კურატორი მერის მოადგილის მხრიდან დადებითი (დამაკმაყოფილებელი) რეზოლუციის შემთხვევაში და გაცდენილ დღეებში, რომელთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 12 სამუშაო დღეს, უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. პასუხისმგებელი პირის შემთხვევაში, ამ პირის თანამდებობრივი ფუნქციის სხვა მოსამსახურისთვის დაკისრების მიზნით გამოიცემა მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურეს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
6. სისტემატურად არასაპატიო მიზეზით გაცდენის ან დაგვიანების შემთხვევაში დამრღვევის მიმართ შესაძლებელია გატარდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
7. მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით.
მუხლი 7. დროებითი შრომისუუნარობა
1. დროებითი შრომისუუნარობა წარმოადგენს სათანადო დოკუმენტით დადასტურებულ შემთხვევას, როდესაც მოსამსახურე განსაზღვრული ვადით მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება:
ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო;
ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
გ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;
დ) კარანტინის გამო;
ე) შრომისუუნარობისას დროებით სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო;
ვ) პროთეზირების გამო.
2. დროებითი შრომისუუნარობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცლით, ან სათანადო ცნობით.
3. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მოსამსახურეს უჩერდება სამსახურებრივი უფლებამოსილება, რომლის დროსაც უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და მიეცემა დახმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ანაზღაურებადი შვებულების გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში დროებითი შრომისუუნარობის წარმოქმნის შემთხვევაში, ჩერდება შვებულების დღეების დინება და შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული სამუშაო დღეების რაოდენობით.
5. დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში მოსამსახურე, მოსამსახურის ოჯახის წევრი, ან მათი მხრიდან შეტყობინების საფუძველზე მოსამსახურის ზემდგომი თანამდებობის პირი ვალდებულია მერს წერილობით აცნობოს მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობის შესახებ, რის საფუძველზეც გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
6. დროებითი შრომისუუნარობის აღმოფხვრისა და მოსამსახურის სამსახურში გამოცხადებისთანავე მერს წარედგინება დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საავადმყოფო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს დოკუმენტში მითითებული თარიღით აღუდგება სამსახურებრივი უფლებამოსილება.
7. ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) ღონისძიებების დროს, მოსამსახურე რომელსაც დაუდასტურდა ინფექცია, ან იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციურ ავადმყოფთან და გადის საკარანტინო ღონისძიებებს არასამედიცინო დაწესებულებაში (მათ შორის, ბინაზე), რის გამოც ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით არიდებულია სამუშაოს, ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სამსახურში დაუყოვნებლივ წარადგინოს საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობა, რის საფუძველზეც გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
8. საკარანტინო ღონისძიებების გამო დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში, თუ მოსამსახურის მიერ შესაძლებელია სამუშაოს დისტანციურ რეჟიმში განხორციელება, მას მისი განცხადებით ან თანხმობით შესაძლებელია არ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მუშაობა განახორციელოს დისტანციურად. ამ შემთხვევაში იგი შესაბამისი სამსახურის უფროსის წინადადებითა და მერის თანხმობით შესაძლებელია ადგილზე იქნეს უზრუნველყოფილი სათანადო ტექნიკური საშუალებებით.
9. დროებითი შრომისუუნარობის დადგენისა და დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის და გაცემის წესი განსაზღვრულია „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით და „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებით.
მუხლი 8. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემულ დავალებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
1. სამსახურებრივ საკითხებზე ხელმძღვანელის დავალება ოფიციალურად ეცნობება იმ მოსამსახურეს, რომელსაც იგი ეხება.
2. იმ შემთხვევაში, თუ დავალება ეხება მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს, დავალების ოფიციალური გაცნობის წესი შეიძლება შეიცვლოს მისი საჯარო გამოცხადებით.
3. სამსახურებრივ საკითხებზე მერის ან/და მერიის სამსახურის უფროსის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში იგი ოფიციალურად ეცნობება მოსამსახურეს, რომელსაც ეხება ეს აქტი.
4. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, დოკუმენტის მეორე მხარეს ხელმოწერას, მითითებით „გავეცანი“, ან საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემებში ამ მოსამსახურის მომხმარებლის გვერდზე შესაბამისი დოკუმენტის განთავსებას.
5. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ღიად განთავსებას მერიაში, ან შესაბამისი სამსახურისთვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, ამ მიზნით გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე.
6. სამსახურებრივ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მოსამსახურეებს გამოეცხადოთ ზეპირი ფორმითაც თათბირებზე, რის შესახებაც აღინიშნება თათბირის ოქმში.
7. სამსახურებრივ საკითხებზე მერის გადაწყვეტილების მოსამსახურეებამდე დაყვანას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური, ან/და შესაბამისი სამსახურის უფროსი.
მუხლი 9. მოსამსახურის მივლინების წესი
1. მოსამსახურის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ ფორმდება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მივლინების შესახებ მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოსამსახურეს მივლინებისას ეძლევა სამივლინებო ფურცელი (მივლინების მოწმობა).
3. მოსამსახურის მისავლინებლად მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სამივლინებო ფურცლის მომზადების მიზნით, მისავლინებელი მოსამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მივლინების შემთხვევაში - მერის წარმომადგენელი, ან მერის წარმომადგენლის თანხმობით იმ სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება მივლინების საკითხი) მერს წარუდგენს ინფორმაციას მისი, ან/და მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურის (მოსამსახურეების) ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მივლინების აუცილებლობის შესახებ.
4. მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს, გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ.
5. მივლინებისას მოსამსახურეს სამივლინებო ფურცელს უფორმებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
6. სამივლინებო ფურცელში აისახება:
ა) მოსამსახურის სახელი და გვარი;
ბ) მოსამსახურის თანამდებობა;
გ) მივლინების ადგილი;
დ) მივლინების ვადა:
ე) მივლინების საფუძველი (მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი);
ვ) მივლინების გაფორმების თარიღი და ნომერი;
ზ) სამუშაო ადგილიდან წასვლის და სამუშაო ადგილზე დაბრუნების თარიღები.
7. სამივლინებო ფურცელი გაფორმებისას მოწმდება მერის ხელმოწერით და მერიის ბეჭდით, ხოლო სამუშაო ადგილიდან წასვლის და სამუშაო ადგილზე დაბრუნების თარიღები - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ხელმოწერით და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით.
8. სამივლინებო ფურცელი მივლინების ადგილზე უნდა დამოწმდეს მომწვევი მხარის, ან გასამართი ღონისძიების ადგილზე არსებული შესაბამისი ორგანიზაციის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. სამივლინებო ფურცელზე ასევე უნდა მიეთითოს მივლინების ადგილზე ჩასვლის და მივლინების ადგილიდან წამოსვლის თარიღები.
9. მოსამსახურეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე (გარდა კანონმდებლობით და ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა), რისთვისაც, მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცემისთანავე ეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
10. მოსამსახურეს, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას, ან/და სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმებისას მისი მხრიდან გამოთქმული შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
11. მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები და სამივლინებო ფურცელი მოსამსახურემ მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში უნდა წარადგინოს:
ა) ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში.
12. მივლინებიდან დაბრუნებული მოსამსახურის მიერ წარმოდგენილ სამივლინებო დოკუმენტაციას, მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანდართვით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური საბუღალტრო ანგარიშსწორებისთვის წარუდგენს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ სამივლინებო ფურცელი არ არის დამოწმებული ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ან/და ვერ დგინდება მივლინების ადგილზე ყოფნის უტყუარობა, ან/და მივლინებული პირი ვერ წარმოადგენს მგზავრობის დამადასტურებელ დოკუმენტს (დოკუმენტებს), რის გამოც სადღეღამისო ხარჯების ასანაზღაურებლად ვერ დგინდება მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მივლინების დღეების სრულად გამოყენების ფაქტი, მივლინებული მოსამსახურის მივლინების ადგილზე ყოფნის დასადასტურებლად ან/და გამგზავრების ან/და მივლინებიდან დაბრუნების თარიღების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამსახურს დამატებით უნდა წარედგინოს მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული განმარტება, სამსახურებრივი ბარათის სახით (მერის, მერის პირველი მოადგილისა და მერის მოადგილის მივლინების შემთხვევაში - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამსახურებრივი ბარათი), რომლითაც უნდა დადასტურდეს მივლინებული მოსამსახურის მივლინების ადგილზე ყოფნის ფაქტი, ან/და გამგზავრების ან/და მივლინებიდან დაბრუნების თარიღები. წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია ადმინისტრაციული სამსახურის მხრიდან წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, ამ პუნქტით დადგენილი წესით.
13. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.
14. მოსამსახურეს სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.
15. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობის, ან მივლინების პერიოდში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო მივლინებაში ყოფნის ვადა აჭარბებს მოსამსახურის მივლინების შესახებ მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებს, მივლინებული პირის შეტყობინებისა და შესაბამისი სამსახურის უფროსის წერილობითი განცხადების (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე სავალდებულოა მოსამსახურეს მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაუგრძელდეს მივლინების ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება მოსამსახურის მივლინების შესახებ მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დღეების მიხედვით.
16. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ წარადგენს მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს, მოსამსახურე ვალდებულია, მერიას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე.
17. ქვეყნის შიგნით მგზავრობისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამსახურისთვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში.
18. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
19. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომითი გასამრჯელო.
20. მოსამსახურის მივლინების და მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი განსაზღვრულია „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით.
მუხლი 10. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. მოსამსახურეს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, ყოველწლიურად 24 სამუშაო დღის ოდენობით.
2. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უშუალო ხელმძღვანელი თანამდებობის პირისა და მერის თანხმობით მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოსამსახურეს შვებულება მიეცემა სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ.
4. მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლოს მომდევნო კალენდარულ წელს. ამ შემთხვევაში მერს უნდა წარედგინოს შესაბამისი განცხადება და უნდა შეთანხმდეს შვებულების პერიოდულობა.
5. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება წარედგინება მერს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც. აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიერ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენისას.
6. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება მოსამსახურის მიერ წინასწარ უნდა შეთანხმდეს უშუალო ხელმძღვანელთან. უშუალო ხელმძღვანელი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.
7. მოსამსახურეს ანაზღაურებადი შვებულების დაწყებამდე საშვებულებო ანაზღაურების სახით წინასწარ ეძლევა თანამდებობრივი სარგო საშვებულებო დღეების პროპორციული ოდენობით.
8. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით. ამ შემთხვევაში, მოსამსახურეს ეძლევა უფლება შვებულების გამოუყენებელი დღეებით ისარგებლოს სურვილისამებრ, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რომლის შემთხვევაშიც ასევე გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომსამსახურეს უფლება აქვს, ანაზღაურებადი შვებულებიდან სამუშაოზე გამოძახების გამო გამოუყენებელი შვებულებით ისარგებლოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობით.
10. მოსამსახურე ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს, რაზედაც სათანადო კონტროლი ხორციელდება შესაბამისი სამსახურის უფროსის მიერ. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა დაუყოვნებლივ ეცნობება მერს.
11. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის წარმოქმნის შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
12. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
13. მოსამსახურის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო დამატებითი შვებულებით სარგებლობის წესი განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით და საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
14. მოსამსახურის პროფესიული განვითარებისთვის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის წესი განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით.
მუხლი 11. ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებისგარეშე შვებულება არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მერიის ინტერესებს.
2. ანაზღაურებისგარეშე შვებულებით სარგებლობის აუცილებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია 2 კვირით ადრე აცნობოს მერს და უშუალო ხელმძღვანელს შვებულების აღების აუცილებლობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
მუხლი 12. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი
1. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება ხორციელდება (ხელფასი გაიცემა) თვეში ერთხელ, ყოველი თვის მესამე დეკადაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის მოსამსახურის საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო ანგარიში შეირჩევა მოსამსახურის სურვილით მისი საბანკო ანგარიშებიდან და მიეწოდება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში მიღებულ მოსამსახურეს არ გააჩნია საბანკო ანგარიში, იგი შეიძლება გაიხსნას მოსამსახურის მიერ შერჩეულ საბანკო დაწესებულებაში, მერიის მიმართვით. საბანკო ანგარიშის ცვლილების სურვილის შემთხვევაში, მოსამსახურე წერილობით მიმართავს მერს და განცხადება შესასრულებლად გადაეცემა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
3. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების გაცემა ხორციელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 13. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1. ხელმძღვანელობა ვალდებულია მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.
2. მოსამსახურეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები.
3. მოსამსახურე სამსახურში მიღებისთანავე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ვალდებულია გაეცნოს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინაღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოსამსახურისთვის შრომის დაცვისა და ხანძარსაწინაღმდეგო უსაფრთხოების პირობების გაცნობას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. მოსამსახურე პირადი ხელმოწერით ადასტურებს პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას. ხელწერილი თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.
4. შრომის დაცვის სფეროში მოსამსახურე ვალდებულია:
ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
ბ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, დავალება და მითითება, რომელიც გაცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამსახურის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;
ე) გაუფრთხილდეს სამსახურის საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ვ) დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და შინაგანაწესის მოთხოვნები;
ზ) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
თ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული მოქალაქეებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში;
ი) ქმნიდეს პოზიტიურ გარემოს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას, აგრეთვე სატელეფონო საუბრის დროს.
5. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;
ბ) ხანძრის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახანძრო დაცვის სამსახურებს;
გ) სახანძრო დაცვის სამსახურების მისვლამდე შეძლებისდაგვარად მიიღოს ზომები ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კერძო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების გადასარჩენად, ხანძრის ჩასაქრობად;
დ) დაეხმაროს ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო დაცვის სამსახურებს.
6. მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) ადმინისტრაციულ შენობაში (შენობებში) ხანძარსაშიში და ადვილად აალებადი ნივთიერებების და საგნების შეტანა;
ბ) ადმინისტრაციულ შენობაში (შენობებში) ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა;
გ) ადმინისტრაციულ შენობაში (შენობებში) ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანა;
დ) ადმინისტრაციულ შენობაში (შენობებში) ტოქსიკური, ფსიქოტროპული, რადიოაქტიური და სხვა სახის მავნე ნივთიერებათა შეტანა;
7. მოსამსახურემ უნდა შეასრულოს ხელმძღვანელის დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, თუ ამის გაკეთება აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთი დავალების შესრულება საზიანოა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.
მუხლი 14. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა
1. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში მერიისთვის განკუთვნილ ფართზე, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობებში და იმ სამსახურების სამუშაო ადგილებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფარგლებს გარეთ, აკრძალულია თამბაქოს მოწევა.
2. ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილებში თამბაქოს მოხმარება ჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
3. თამბაქოს მოწევის შეზღუდვისთვის ამ შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისთვის მოსამსახურეთა მიმართ შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.
მუხლი 15. წახალისების ფორმები, დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომები და მათი გამოყენების წესი
1. მოხელის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასების შედეგების შესაბამისად წესდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმები.
2. დისციპლინური გადაცდომისა და შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 16. მოსამსახურის წახალისება და ფულადო ჯილდო
1. მოხელის მიმართ, შეფასების შედეგების შესაბამისად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.
2. ერთდროულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. მოხელის წახალისების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი, უშუალო ხელმძღვანელის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე.
4. მოხელის წახალისების წესი დადგენილია „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №203 დადგენილებით.
5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე, მერის შესაბამისი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მიეცეს ფულადი ჯილდო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
მუხლი 17. დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;
ბ) საჯარო დაწესებულებისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
2. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია:
ა) მოსამსახურის ან ყოფილი მოსამსახურის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა;
გ) მერიაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.
4. დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული.
5. მერიაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური.
6. დისციპლინური გადაცდომისთვის, მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
7. მოსამსახურის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის, 1 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით.
8. დისციპლინური წარმოების წესები და პირობები დადგენილია და ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით დადგენილი წესით.
მუხლი 18. მოსამსახურეთა უფლებები, ვალდებულებები და ქცევის ზოგადი წესები
1. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების, სამსახურში ქცევის ზოგადი და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული წესები. იგი ვალდებულია იზრუნოს პირად იერსახეზე, ჩაცმულობასა და აქსესუარებზე (უპირატესობა მიანიჭოს ჩაცმის კლასიკურ სტილს).
2. მოსამსახურეთა უფლებები, ვალდებულებები, გარანტიები და ქცევის ზოგადი წესები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით და მერიის დებულებით.
3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სამუშაოს აღწერილობით.
4. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
მუხლი 19. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულა მუდმივად განახორციელოს კონტროლი მერიის სარგებლობაში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე და მათი დაზიანების ან სხვა სახით მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიმართოს მერს სათანადო ზომების მისაღებად.
2. სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სამსახურს ან/და სამსახურის განყოფილებას (განყოფილებებს);
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მერს და მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის (სამსახურის განყოფილების (განყოფილებების)) კონტროლქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;
გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში, მერს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.
3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:
ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის;
ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს შესაბამისი სამსახურის ან/და სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს;
გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
4. მერიისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების, ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
5. მერიის სარგებლობაში რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია მერის თანხმობით, რომლის თაობაზეც დგება წერილობითი აქტი.
მუხლი 20. სამსახურიდან განთავისუფლება და განთავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი
1. სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლები მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო მერიის სხვა მოსამსახურეებისთვის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მოსამსახურე ვალდებულია პასუხისმგებელ პირებს დაუბრუნოს ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაეცა მერიაში მუშაობის პერიოდში.
3. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან განთავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს მის სარგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების, სამსახურებრივი მოწმობებისა და დოკუმენტაციის ჩაბარების დამადასტურებელი აქტი, მერიის შესაბამისი უფროსისა და მატერიალური პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
მუხლი 21. შინაგანაწესის შესრულება
1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად მერიის ყველა მოსამსახურისთვის (შინაგანაწესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით), ხოლო შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნები - ასევე, მერიაში (ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობებში და იმ სამსახურების სამუშაო ადგილებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფარგლებს გარეთ) მომსვლელი ყველა მოქალაქისთვის.
2. შინაგანაწესი გამოიკვრება მერიაში (ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობებში და იმ სამსახურების სამუშაო ადგილებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფარგლებს გარეთ) სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:
ა) ვიდეოთვალთვალის სისტემა შენობის სართულებზე და შენობის გარე პერიმეტრზე;
ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები;
გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.
4. მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით ხელწერილზე. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.
5. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 22. შინაგანაწესში ცვლილების შეტანა
შინაგანაწესში ცვლილების შეტანა ხორციელდება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ასევე იხილე კატეგორიაში - მერია: