ადმინისტრაციული შენობა
ზემო ქვალონი
ფართობი - 1193,02 ჰა.
მოსახლეობა - 856 ადამიანი.
შემავალი სოფლები: ზემო ქვალონი (თემის ცენტრი), საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო.
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 10 კმ.
ზემო ქვალონი ლამაზი, ბორცვგორაკიანი დასახლებაა. ქვალონი - ,,ქუალონი“ ნიშნავს ქვიან ადგილს. თავდაპირველად ,,ქუალონი“ ეწოდებოდა ერთ მცირე ადგილს ნოჯიხევის საზღვარზე. შემდეგ კი ფართო ტერიტორიის აღმნიშვნელი გახდა, XIX საუკუნის ბოლოს გაიყო სამ სოფლად: ზემო ქვალონი, შუა ქვალონი, ქვემო ქვალონი. ის მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 70 მ. სიმაღლეზე. ქ. ხობიდან დაშორებულია 10 კმ-ით. მოსაზღვრე თემებია: ნოჯიხევი, შუა ქვალონი და ხორში (სენაკის მუნიციპალიტეტი).
ზემო ქვალონს საბჭოთა პერიოდში ეწოდებოდა ალიონი. მასში შემავალი სოფლებია: ზემო ქვალონი, საალანიო, საფაჩულიო, სახოჭოლავო. გავრცელებული გვარებია: ალანია, ჭანტურია, თურქია, ფაჩულია, აბაკელია, ხოჭოლავა.
სოფლების ეტიმოლოგია წარმომდგარია აქ დასახლებულ გვართა მიხედვით. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მეცხოველეობას, მემცენარეობას, მეხილეობას. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 313 კომლი აღირიცხა, მოსახლეობის რაოდენობა 856 ადამიანია. სოფელში ფუნქციონირებს საბაზო სკოლა.
ზემო ქვალონში საინტერესო ტოპონიმები ფიქსირდება: სახნავი მიწები სახელწოდებით: ბუდორილი, დობერა, მაგარო, ნაღვანაკე, კინოთხორილი, ნოხომული, რთხინა, პერტული. ღელეები: სადაღალი, ჩეხირი, უჩაღალუ, დღვაბა, ჯაფხენი, წუღალი. წყაროები: პაპაშ წყუ და ლაგვანწყუ. მომცრო მდინარე სქურია. ღვინკილური - ბუჩქნარი, ორზე - საძოვარი, მინდვრები: პაპაშ ნოხორი - მინდორი და შაგულორი.
ღელე სადაღალის მიდამოებში ყანებია, სადაც ერთ ადგილს ,,დიშ ნაკარუს’’ ეძახიან, რაც ისეთ ადგილს ნიშნავს, სადაც დევს კარავი ჰქონია. რეალურად კი, იგი წარმოადგენს ძველ კოლხურ ნამოსახლარს, შემორჩენილია ორი მრგვალი შემაღლება, სადაც შეინიშნება შესაბამისი პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
ცენტრში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კედლები, რომელიც ზომით საკმაოდ დიდია, აქვს სამნავიანი შვერილი საკურთხეველი. სამკვეთელოსა და სადიაკვნოში პატარა ნიშებია. ტაძარს ,,ჩეოხვამესაც“ ეძახიან, იგი მე-19 საუკუნეში ძველი ნატაძრალის ადგილზე უნდა იყოს აშენებული. ადგილობრივთა გადმოცემით ,,ჩეოხვამე“ სახარბედიოს მთიდან მოტანილი კირქვით ყოფილა აშენებული, თითქოს სოფელ მენჯამდე ჩამწკრივებულ ხალხს ერთმანეთზე გადანაწილებით მოუზიდია საჭირო მასალა. მოხუცების გადმოცემით ტაძართან აღდგომის შემდგომ ორშაბათს იმართებოდა ,,ქენჯერობის’’ დღესასწაული, აღნიშნული დღესასწაულის რაობისა და შინაარსის შესახებ ცნობები არ არსებობს. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დამდეგს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდნენ მღვდელნი: იოანე ხოჭოლავა, დავით ხოჭოლავა, დომენტი ბარკალაია, ანტონ ბარკალაია, მედავითნე თეოდორე ჭკადუა. 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებას ეკლესია დაუხურავს, კომკავშირლებს კი კლუბი გაუხსნიათ.
ქვალონში დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა საზოგადო მოღვაწემ, საქვეყნოდ ცნობილმა მომღერალმა და ლოტბარმა ძუკუ ლოლუამ (1877-1924 წ.წ.).
ლიტერატურა:
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.
ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები: სამეგრელო/[შემდგ.: თინათინ ჟვანია, თამარ ილურიძე, თამარ კევლიშვილი; რედ.: ვახტანგ როდონაია. მხატვ.: ვახტანგ რურუა]; საერთ. საქველმოქმ. ფონდი "ხობი", ქართ. ხალხ. სიმღერის საერთ. ცენტრი - თბ. : საქართველოს მაცნე, 2007;
[წ.] I: ძუკუ ლოლუა - თბ., 2007.
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001.
ასევე იხილე კატეგორიაში - ზემო ქვალონი: