Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

პირველი მაისი: პირველი მაისის შესახებ
ადმინისტრაციული შენობა
პირველი მაისი
ფართობი - 1870,46 ჰა.
მოსახლეობა - 2492 ადამიანი.
შემავალი სოფლები: ბულიწყუ (თემის ცენტრი),  საკვიკვინიო, ჭიხუ.
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 4 კმ.
 
პირველი მაისის თემი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ურთის სერის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე მუნჩიის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 20 მ. სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 4 კმ-ით. 1930 წლამდე პირველი მაისი ბულიწყუს სახელწოდებით შედიოდა ხეთის თემში. 
 პირველი მაისის თემი შედგება სოფლებისაგან: ბულიწყუ - მდინარე მუნჩიის მარცხენა სანაპიროზე (ზღვის დონიდან 20 მ.), საკვიკვინიო - მდებარეობს ურთის მთის კალთაზე (ზღვის დონიდან 100 მ.), ჭიხუ - ზღვის დონიდან 26 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 1,5 კმ-ით, მას თითქმის შუაზე ჰყოფს მდინარე მუნჩია. თემში ცხოვრობს 133 გვარის 891 კომლი, სულ 2492 ადამიანი. ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ბუკია, კვიკვინია, გაბისონია, ესებუა, ქანდარია, ნაჭყებია, ტურავა, პერტია, ფილიპია, ყორშია, ჯობავა, ჭითანავა, ლაგვილავა, თოდუა, ლომაია. 
მოსახლეობას მოჰყავს მარცვლეული კულტურები, ციტრუსი, თხილი, კივი, ფეიჰოა, მისდევენ მესაქონლეობას.
 პირველი მაისის თემში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და საბავშო ბაღი. 
 თემის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია. განსაკუთრებით საინტერესოა წმინდა სოფიოს ეკლესია, რომელიც პარმენ ზაქარაიას მიხედვით ციხე-ეკლესიის შთაბეჭდილებას სტოვებს. მისივე აზრით, ეკლესია ძველ ნაეკლესიარზე არის აშენებული, ტაძრის კედლებში ჩაშენებულია ჩუქურთმიანი ქვები. ტაძრის ეზოში გაბნეულია ანალოგიური ლოდებიც, სავარაუდოდ ისინი X-XI საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. გალავნის შიგნით ეზოში და გალავნის ირგვლივ ვიზუალურად შეინიშნება ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა. ადგილობრივთა გადმოცემით ტაძრის ქვეშ გვირაბია, რომელიც მდინარე მუნჩიამდე ჩადის. ეტყობა გვიან შუასაუკუნეებში სოფელი ამ ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, შიშიანობის დროს ხალხი ამ ეკლესიის ციხე-გალავანს აფარებდა თავს, მე-19 საუკუნეში კი მოსახლეობა უფრო ქვევით ბარში ჩასულა და იქ ხის ეკლესია აუშენებიათ, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მსახურობდნენ მღვდელნი: იაკობ შუშანია, იოაკიმე შუშანია, ბესარიონ შუშანია, აბრაამ თოდუა; მედავითნენი: ალექსი შუშანია, ანტონ ფირცხალავა, სამსონ კოდუა. 
მდინარეების, მუნჩიასა და ჩხაიას შესართავთან მდებარეობს ადრე შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე ,,ყურუმელიას ჯიხა“, იგი ძლიერ არის დაზიანებული. თენგიზ კვიკვინიას ეზოში შემორჩენილია ადრექრისტიანული ხანის ტაძრის ნანგრევები. ,,მაჩხომერის“ ბორცვზე შემორჩენილია გალავნის ნაშთები, რომლის შიგნით დიდი რაოდენობით არის გაბნეული ადრექრისტიანული ხანის აგურები, გვერდაკეცილი კრამიტები, რომელიც შესაძლოა შესაბამისი პერიოდის ტაძრის დეტალები იყოს. ,,საკვიკვინიოს“ თავზე მაღალი ბორცვის წვერზე შემორჩენილია კოშკის ნაშთები, ამ ადგილს ადგილობრივები ,,ნასკალუს“ ეძახიან. ძალიან საინტერესოა სოფლის ბოლოში, ურთის მთაზე არსებული ციხე-სიმაგრის ნაშთები, რომლის ქვევით გამოქვაბულიდან წყალი გამოედინება, იქვე ძველკოლხური პერიოდის ნამოსახლარებია. სოფლის დასავლეთით ყოფილ ფერმასთან, სადაც ყანებია, შემორჩენილია ძველკოლხური ნამოსახლარები, რომელსაც ადგილობრივები ,,უჩაპალოტიშ დიხაგუძუბას’’ ეძახიან, ხოლო უფრო ქვევით ტყეში ღელე ,,ფორზღვინდეს“ ნაპირებზე ძველკოლხური პერიოდის ხელოვნური მიწაზვინულების მთელი კომპლექსია, ამ ადგილს კი, მოსახლეობა ,,ოტორონჯეს’’ ეძახის. 
 სოფლის ტერიტორიაზე საინტერესო ტოპონიმებია: ბათუშ გოლა - ბათუს მთა. ღელეები ოგანე, ტობაია, ფორზღვინდე, ღაიჩა, როქელი. წკვიბღალუ - ვიწრო ღელე, ოხარკალაია - წყარო, პიტაშონა - მინდორი, ტყეები ჩხერიონი და ნაბერუ, ხირხუ - კლდე, რეხი - ქვიანი ადგილი, კოკოჩი - ფერდობი, კურკუცი - მრგვალთავა ბორცვი, ნაბარჯანკუ - ფერდობი, ნასქალუ-მინდორი, ზაღრა - უბანი, ჯახუთი - მაღლობი და უბანი...
 სოფელში 1891 წელს ესტატე შუშანიამ საკუთარი სახსრებით და მამის დეკანოზ ბესარიონ შუშანიას დახმარებით სამრევლო სკოლა გახსნა, რომლისთვისაც 1899 წელს საოსტატო კურსებიც მიუმატებიათ.
აქაურები იყვნენ პოეტი ნოე დაფნარელი (კობახიძე) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეთერ შუშანია.
 სოფლის მკვიდრის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას თაოსნობითა და ფინანსური შემწეობით აქ ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი აშენდა. 
 
ლიტერატურა:
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007. 
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007. 
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001
 

ასევე იხილე კატეგორიაში - პირველი მაისი: