ადმინისტრაციული შენობა
საგვიჩიო
ფართობი - 1921 ჰა.
მოსახლეობა - 644 ადამიანი.
საგვიჩიო (სოფლის ცენტრი)
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 20 კმ
საგვიჩიო თავის დროზე გვიჩიების გვარის წარმომადგენლებს დაუარსებიათ. სოფელი მდებრეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 5 მ-ის სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 20 კმ-ით. ადგილობრივთა გადმოცემით ორასი თუ სამასი წლის წინ სვანეთიდან ჩამოსულან ძმები გვიჩიანები. ერთი რიონის გაღმა, მეორე კი გამოღმა დასახლებულა. მათმა შთამომავლებმა შექმნეს ორი სოფელი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და მარჯვენა ნაპირზე, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. 1990 წლამდე იგი ქვემო ჭალადიდის შემადგენლობაში შედიოდა, ამ წელს კი ცალკე სასოფლო საბჭოდ გამოეყო.
სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა, რომელიც 1938 წელს ვლადიმერ გვიჩიას ინიციატივით დაარსებულა, პირველი დირექტორიც ის ყოფილა.
მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და მემარცვლეობაა.
სოფლის ტერიტორიაზე ფიქსირდება საინტერესო ტოპონიმები: ლეკიში - დანალექი რიონის პირზე, მერია - ნარიონალი, მუხური - უბანი, ნადოხორუ - სახნავი, ნოსქალენი - ნაფუტკრალი, ობერგული - ტყე, ომუსკური - სახნავი, ცია - მდინარე, ჭყონიშჯინჯი - ტყე (ჭყონი მუხას ნიშნავს მეგრულად), ადრე აქ ლოცულობდნენ და შესაწირავი მოჰქონდათ.
ადრე სოფელში გვიჩიებთან ერთად ცხოვრობდნენ ცანავები, ხონელები, ჭოჭუები, მაქაცარიები ...
ამჟამად საგვიჩიოში ცხოვრობს 38 გვარის 250 კომლი, სულ 644 ადამიანი. გავრცელებული გვარებია: გვიჩია, შუბითიძე, მეგრელიშვილი, გოგიტაშვილი, გოგოლაძე, ხარშილაძე, ხარაიშვილი, ტაბატაძე, სულამანიძე, გელაშვილი, შამანაძე, კაჭარავა, ბარკალაია, ჩაჩიბაია, მოსიაშვილი ...
სოფლის სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში ამ სოფლის მკვიდრის, ამჟამად რუსეთში მოღვაწე მარიამ გვიჩიას თაოსნობითა და ფინანსური შემწეობით აშენდა.
ლიტერატურა:
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001.
ასევე იხილე კატეგორიაში - საგვიჩიო: