ადმინისტრაციული შენობა
ყულევი
ფართობი - 5162,05 ჰა
მოსახლეობა - 348 ადამიანი.
ყულევი (სოფლის ცენტრი)
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 18 კმ
ყულევი მდინარე ხობის შესართავთან მდებარეობს ზღვის დონიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. აქვე მდინარე ხობს მდინარე ცივი უერთდება. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 18 კმ-ით. 1998 წელს ყულევში ცხოვრობდა 45 გვარის 104 კომლი. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ყულევში ცხოვრობდა 359 სული, მათი 98% ქართველია.
სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა.
სოფლის ირგვლივ ჭაობიანი კოლხური ტყეებია. მოსახლეობა მისდევს მემარცვლეობას, მესაქონლეობას, ხალხი უხსოვარი დროიდან მისდევს მეთევზეობასა და ნადირობას.
გავრცელებული გვარებია: კაკულია, ფიფია, შონია, სიჭინავა, შამათავა, კვინჩია, წულაია...
საეკლესიო საბუთების მიხედვით ყულევს შუა საუკუნეებში კემხელი ერქვა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მოქმედებდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
მე-19 საუკუნის დამდეგს, როდესაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, ადგილობრივი მცხოვრებნი მას კულეს ეძახდნენ. 1804 წელს ყირიმიდან ჩამოვიდა კაზაკთა პოლკი, რომლებმაც მდინარის მარცხენა ნაპირზე შექმნეს სიმაგრე „რედუტი“ და როგორც სპასკი-ავტონიმოვი 1847 წელს განმარტავს, სწორედ რედუტმა და თავად ჯაიანების ძველმა კოშკმა (კულემ თუ კალემ) მისცეს სახელი დღევანდელ რედუტკალესო. სწორედ XIX საუკუნეში ეწოდა დასახლებას რედუტ-კალე. რუსეთის იმპერიას დამკვიდრებისათვის ნავსადგური სჭირდებოდა, XIX საუკუნის დამდეგს ფოთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი. რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლიტომ, რომელმაც დაათვალიერა საქართველოს საზღვაო სანაპირო, ყველაზე ხელსაყრელ ადგილად მდინარე ხობის შესართავი მიიჩნია. ყულევის მნიშვნელობა მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც გამოყენებულ იქნა ევროპასა და აზიას შორის ძველთაგანვე ცნობილი სატრანზიტო გზა, რომელიც თავისი სამდინარო და სახმელეთო სისტემით კასპიის ზღვას შავ ზღვასთან აკავშირებდა. ეს იყო ძველთაგანვე ცნობილი „დიდი აბრეშუმის გზის“ ნაწილი. ამიერკავკასიის ტრანზიტს ასეთი მარშრუტი ქონდა: უცხოელ ვაჭრებს გემით საქონელი შემოჰქონდათ ოდესაში, აქედან კი ყულევში, საიდანაც მდინარე ხობის შენაკადების, ცივისა ყორათის საშუალებით საბაჟოდან (ჭალადიდი) რიონამდე გაყვანილი 600 მეტრის სიგრძის არხით საქონელი რიონით მარნამდის, ხოლო ამ უკანასკნელიდან სახმელეთო გზით იგზავნებოდა თბილისში, შემდეგ კი ტვირთი ჩადიოდა კასპიის ზღვამდე. ყულევი ამიერკავკასიაში მთავარი სავაჭრო და სატრანზიტო პუნქტი გახდა. აქ ძირითად ინგლისის, საბერძნეთის, თურქეთისა და რუსეთის გემები მოდიოდნენ. თუ 1823 წელს ყულევში 86 დიდი საზღვაო გემი შემოვიდა, მომდევნო წლებში გემების რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ადგილობრივ ვაჭრებთან ერთად აქ უცხოელებიც საქმიანობდნენ, მაგალითად, ფრანგი კასტელი და ინგლისელი მარი. 1840 წელს ყულევს ქალაქის სახელი მიენიჭა. 1852 წელს აქ გახსნილა სამელიორაციო სამაზრო-სახაზინო სასწავლებელი, სადაც ჩვეულებრივ საგნებთან ერთად, მაშინდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე ასწავლიდნენ ბუღალტერიას, სავაჭრო საქმის თეორიას, თურქულ და ახალბერძნულ ენებს. რუსი მეცნიერისა და მოგზაურის ნ. დუნკელ-ველინგის მიხედვით, აქ 1847 წელს მ. ვორონცოვის დავალებით შეიქმნა ყულევის რეიდის გეგმა და ლონდონში გაიგზავნა ნავსადგურის სრული პროექტის შესადგენად. 1849 წელს ინგლისში ინჟინერმა ჯონ რენიმ შეადგინა პროექტი, რომლის მიხედვით ნავსადგურის მშენებლობა 5-7 მლნ. მანეთი ჯდებოდა. ასეთი დიდი თანხის გამო ეს პროექტი არ განხორციელებულა. მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან საფუძველი ეყრება ფოთის ნავსადგურის მშენებლობას. ამის შემდეგ ყულევმა თანდათან დაკარგა ძველი მნიშვნელობა, მას დიდი ზიანი მიაყენა ყირიმის ომმაც, თურქებმა იგი მთლიანად გადაწვეს და ააოხრეს, ხოლო 1872 წლიდან, როდესაც ფოთი-თბილისის რკინიგზა იქნა გაყვანილი, გაუქმდა სამდინარო არხი, ხოლო ყულევის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფოთში გადავიდა საცხოვრებლად. ყულევმა ადგილობრივი ნავსადგურის სახე მიიღო. ყულევმა ქალაქის სახელი მე-20 საუკუნის დამდეგამდე შეინარჩუნა.
საინტერესოა, რომ ყულევში 1833 წელს ლევან დადიანის ბრძანებით აშენდა პირველი საოკეანო ხომალდი სახელწოდებით ,,ხოპის ღვთისმშობელი’’, რომლის ტვირთმზიდაობა 360 ტონაზე მეტი იყო.
2003 წელს ყულევში საზღვაო ტერმინალი აშენდა, რომელსაც წელიწადში 10 მლნ. ტონა ნავთობპროდუქტის გადატვირთვის შესაძლებლობა აქვს. ამჟამად ტერმინალში დასაქმებულია 520 ადამიანი, რომელთაგან 90% ადგილობრივია, დანარჩენი კი უცხოელი. ტერმინალის მშენებლობის პარალელურად 2000-2008 წლებში არქეოლოგ რ. პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები, აქ მოპოვებულმა არქეოლოგიურმა მასალამ მსოფლიო მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო. გამოვლინდა ძველი წელთაღრიცხვით II-I ათასწლეულის ძველკოლხური ნამოსახლარები, მოპოვებული მასალა გამოფენილ იქნა ბოხუმის საარბრიუკენის, ვისბადენის და მოსკოვის საერთაშორისო გამოფენებზე. ყულევისა და მის შემოგარენში კიდევ ბევრი არქეოლოგიური ძეგლია შესასწავლი.
ლიტერატურა:
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.
მ. პაჭკორია, ფოთის წარსულიდან, თბილისი 1967.
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
გოგიტა ჩიტაია, ფოთს ღვთისმშობელი იცავს, ფოთის ეპარქია 2002.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001
ასევე იხილე კატეგორიაში - ყულევი: