შავღელე
ფართობი - 13,37 ჰა.
მოსახლეობა - 1079 ადამიანი.
შავღელე (სოფლის ცენტრი)
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 21 კმ
შავღელე მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 21 კმ-ის დაშორებით. დასახლება გაჩნდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ხობის რაიონში შუახევის, ქედისა და ხულოს რაიონებიდან სტიქიით დაზარალებული 300 ოჯახი ჩამოასახლეს. მათ საკმაოდ ადვილად მოახერხეს ადაპტაცია. თავდაპირველად, როგორც უბანი, პატარა ფოთის საკრებულოში შედიოდა. ადგილობრივი სახელწოდებაა „უჩაღალუ“, რაც ქართულად შავღელეს ნიშნავს. ეს ღელე გაედინება ტორფნარში და წყალი შესაბამისად შავი ფერისაა. ღელის სახელწოდებიდან გამომდინარე ამ ადგილებსაც, რომელიც დასახლებამდე კოლხური ტყეებით იყო დაფარული „უჩაღალუს“ უწოდებდნენ. საინტერესო ტოპონიმებია: ჩქონი - კუნძული რიონზე, ღელეები - ოკვატე, წაჩხური, ნედართუ - არხი, ნაჯიხური - მინდორი, რცქვინია - საძოვრები...
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ივლისის N360 ბრძანებულების საფუძველზე შავღელეს დასახლებას სოფლის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად კომლთა რაოდენობა 310-ია, მოსახლეობა - 1079 ადამიანი.
სოფელში საჯარო სკოლა დაარსებულია 1991 წელს პედაგოგების: არშაკ ესებუას, მამია ქამაშიძის, იოსებ ქამაშიძის, იოსებ მამულაძის თაოსნობით. სკოლის პირველი დირექტორი არშაკ ესებუა ყოფილა.
სოფელში 46 გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს, მათ შორის: ცეცხლაძე, ბოლქვაძე, შავაძე, ნაკაშიძე, მამულაძე, ქამაშიძე, ქამადაძე, გუნდაძე, კახაძე, პაპიძე, სურმანიძე, ბერიძე, ჩოგაძე, კილაძე, ართმელაძე, მახარაძე, ჯაიანი, ქათამაძე, მურვანიძე, ტაკიძე, აბაშიძე, დარჩიძე, ჭაღალიძე, შარაშიძე, ჯინჭარაძე, ჯაყელი, ქარცივაძე, ტარიელაძე, წილოსანი, ხილაძე, დუმბაძე, დავითაძე, ცენტერაძე, ლომინაძე, მანველიძე, თავართქილაძე, გათენაძე, კონცელიძე...
მოსახლეობა მისდევს მემარცვლეობას, მესაქონლეობას. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს ციტრუსოვანი კულტურები. სოფელს აკრავს კოლხეთის ეროვნული პარკი.
სოფელთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით ტყეში ორი არქეოლოგიური ძეგლია, ორივე ძველ კოლხური პერიოდისა, ერთს ჰქვია „მოზვა კვარაცხელიას კარე“, მეორეს კი „ნამარნუ“, რომელიც ხელოვნურ მიწაზვინულს წარმოადგენს.
ლიტერატურა:
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001
ასევე იხილე კატეგორიაში - შავღელე: