ქ. ხობი
ფართობი - 735,62 ჰა.
მოსახლეობა - 7177 ადამიანი.
მანძილი თბილისიდან - 312 კმ.
მანძილი ზუგდიდიდან - 30 კმ
უახლოესი აეროპორტი - ქუთაისი - 65 კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური - ,,ხობი“ – 3 კმ.
უახლოესი საზღვაო პორტი - ფოთი - 35 კმ.
ქალაქში არის 46 ქუჩა.
ხობი, ბერძნული წყაროებით ,,ოქრომრავალი კოლხეთის“ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი ძირითადი ნაწილი მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 25 მეტრია. აქ არის ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ქალაქს ესაზღვრება შემდეგი თემები: ნოჯიხევი, გურიფული, ბია და პირველი მაისი.
ტოპონიმი ხობი მე-20 საუკუნის წარმონაქმნია. მე-19 საუკუნეში კი შესაბამისად ცნობილ მონასტერს, მდინარესა და დასახლებას „ხოპი“ ერქვა, ხოლო შუა საუკუნეების წყაროებში „ხოფი“. ასე რომ „ხოფი“ ისტორიულ სახელწოდებად უნდა ჩაითვალოს. თვით ამ ტოპონიმის მნიშვნელობისა და შინაარსის შესახებ ზუსტი ისტორიული ცნობები არ შემონახულა. გადმოცემით 554 წელს მდინარე ხობის ნაპირას, ცნობილ მონასტერთან ბიზანტიელებს მოუკლავთ ეგრისის (ლაზიკის) მეფე გუბაზი, ამავე გადმოცემით ხობის ცნობილი ტაძარი სწორედ გუბაზ მეფის სულის მოსახსენებლად აუგიათ. საინტერესოა, რომ ხოფი, ხოფისი, ხოფური, ორხოფია ჰქვია ან ერქვა დასახლებულ ადგილებს, ხეობებს, მდინარეებს სამეგრელოში, იმერეთში, აფხაზეთში სვანეთში, ქართლში, ლაზეთში, სოჭის მხარეში, დაღესტანში... სალოცავებს - ღვთისმშობლის მიძინების მონასტერს სამეგრელოში, იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ქსნის ხეობაში, წმინდა გიორგის ეკლესიას იმერეთში, წმინდა გიორგის ეკლესიას ლენტეხის რაიონში...
ყურძნის ერთ-ერთ ჯიშს ,,ხოფურა ‘’ ერქვა.
მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე სოფელი ხობი ერქვა ხობის მონასტრის ირგვლივ მდებარე დასახლებას, რომელიც ნოჯიხევის თემში შედიოდა. დღევანდელი ქალაქის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში ამ დრომდე დასახლება არ ყოფილა, აქ მიედინებოდა მოზრდილი ღელე ,,ოხარჩალე“ და შესაბამისად ამ ადგილებს ,,ოხარჩალე“-ს ეძახდნენ.
ქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია ბრინჯაოს, ანტიკური და გვიან ანტიკური ხანის ნამოსახლარები ჭიხუს პლატოზე, ჭავჭავაძის ქუჩისა და თბილისი-სოხუმის გზატკეცილის გადაკვეთაზე. აღსანიშნავია, რომ ჭიხუს პლატოზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის მიერ ძველი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნით დათარიღდა.
მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან, როდესაც გაყვანილ იქნა სენაკი-ზუგდიდის გზატკეცილი, აქ გაჩნდნენ პირველი მოსახლეები. უკვე 1886 წელს, კამერალური აღწერების მიხედვით, რომელსაც ხელს რაფიელ ერისთავი აწერს, ხობში 131 კომლი ცხოვრობდა. აქედან მამრობითი 317, მდედრობითი 308, ხოლო სასულიერო 14 სული.
ბოლო მონაცემებით ხობში ცხოვრობს 2420 კომლი, 7177 სული.
ხობში 1998 წელს 432 გვარია დაფიქსირებული, აქედან ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია კვიკვინია, ალანია, ახალაია, ბერაია, ქანთარია, გერგაია, სიჭინავა, ნაჭყებია, ჩიტაია, გვასალია, იოსავა, წურწუმია, ქარჩავა, ყურუა, ქანდარია, ადონია, შონია, ალექსანდრია, ბუკია, კვარაცხელია, ტყებუჩავა, ქირია, ჯობავა, შენგელია, ბაგრატია, ვეკუა, თათარიშვილი, კოდუა.
ხობიდან იყო მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჯაჯუ (კონსტანტინე) ივანეს ძე ჯორჯიკია (1885-1953 წ.წ.) იგი 16 წლისაც არ ყოფილა, როდესაც მისი პირველი წერილი ილიას გაზეთ ,,ივერიაში“ დაბეჭდილა, რაც უდავოდ მის ნიჭიერებაზე მეტყველებს. უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიუღია, სადაც იგი წარჩინებული სწავლისათვის საფრანგეთის რესპუბლიკის ვერცხლის მედლით დაუჯილდოვებიათ. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა ლიტერატურულ, ეთნოგრაფიულ და სხვადასხვა ხასიათის კორესპოდენციებს. დაწერილი აქვს რამდენიმე პიესა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ იგი ფაქტობრივად ჩამოშორდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ჩანს, იგი ვერ შეეგუა საბჭოთა რეალობებს და ამის შემდეგ ძირითადად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის პირველი საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა.
აკადემიკოსი გიორგი ჯიბლაძე წერდა: ,,ქართული სკოლის პედაგოგიკის მწერლობის ისტორიაში ჯაჯუ ჯორჯიკიას სახელის დავიწყება არ შეიძლება. საჭიროა მისი ნაწერებისა და მათ ავტორზე შრომების გამოქვეყნება. ღირსეულ წინაპრებს ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ“
1875 წელს ხობში სკოლა დაარსებულა. იგი ერთ-ერთი უძველესია არათუ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოში.
გარდა იმისა, რომ ეს სკოლა იძლეოდა მეცნიერების ზოგადი საფუძვლების შესწავლის საშუალებას, მან დიდი როლი შეასრულა ჩვენს მხარეში კულტურისა და სახალხო მეურნეობის განვითარების საქმეში, მაგალითად, 1892 წლის 29 ნოემბერს პირველად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ სკოლაში ხობელ სცენის მოყვარულებს დაუდგამთ ალ. ცაგარელის პიესა ,,ბაიყუში“. 1893 წელს სასოფლო სამეურნეო ცოდნის გავრცელების მიზნით სკოლაში მოქმედებდა უცხო მცენარეების საცდელი მიწის ნაკვეთი. 1900 წელს მასწავლებელ მ. ღაჭავას შეუქმნია მგალობელ ბიჭუნათა გუნდი, რომლებიც ხალხურ სიმღერებსაც ასრულებდნენ. 1901 წელს სკოლასთან სამეურნეო ცოდნის გავრცელების მიზნით შექმნილა საცდელი საფრინველე, სადაც ჰყავდათ საზღვარგარეთიდან შემოყვანილი ფრინველები.
ხობელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1924 წლის აჯანყებაში. აჯანყებულთა ხელმძღვანელები ვლადიმერ თათარიშვილი და თევდორე ბიგვავა ბოლშევიკური ტერორის მსხვერპლნი გახდნენ.
ხობელები იყვნენ პროფესორები, აპოლონ და გია კალანდიები და დოცენტი ალექსანდრე კალანდია.
მე-20 საუკუნის ოციან წლებში ხობი დამოუკიდებელ სოფლად გადაიქცა. 1961 წელს იგი დაბად გამოცხადდა, ხოლო 1981 წელს რაიონული დაქვემდებარების ქალაქად. ამჟამად ქ. ხობი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. აქ ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, კულტურის ცენტრი (მუზეუმებით, საბიბლიოთეკო ქსელით, სახელოვნებო სკოლით, კულტურის სახლში ფუნქციონირებს ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლები), საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ქალაქის N1 და N2 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა ,,არეა’’. ჯანდაცვის ობიექტები: ჰოსპიტალური საავადმყოფო, პოლიკლინიკები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სათნოების სახლი, სოციალური მომსახურების სააგენტო. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება და მასში შემავალი ქალაქის N1, N2 და N3 ბაღი, განათლების ცენტრი და მასში შემავალი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სამუსიკო, სასპორტო, კომპიუტერული სკოლები; საფეხბურთო სკოლა, ფოსტა, ბანკი, სამართალდამცავი ორგანოები, საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, გაზეთ ,,ხობის მოამბეს’’ რედაქცია, აგრეთვე კერძო და სხვა სახელწიფო ობიექტები.
წარმატებულია ხობის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი“, რომელიც დაარსდა 1936 წელს აქ აღზრდილნი იცავენ საქართველოს ჭაბუკთა და ეროვნული ნაკრების ღირსებას.
2007 წლის 2 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრმა გოდერძი ბუკიამ ქალაქ ხობში ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი (სამეგრელო) დააფუძნა, მოწყობილია ექსპოზიცია ქართული (მეგრული) სიმღერის მოამაგეთა შესახებ, ხობის საერთაშორისო ფესტივალისათვის შექმნილი კრებულები - სანოტო ჩანაწერებისა და წიგნების, სამეცნიერო ნაშრომების სახით.
2009 წლის 18 ივნისს ქალაქში ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტ გრიგოლის კუთხევით აშენდა წმინდა სამების ტაძარი.
ლიტერატურა:
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბილისი 2007.
ვ. წოწერია, ჯაჯუ ჯორჯიკია /ცხოვრება და მოღვაწეობა/ თბილისი 1987 წ.
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წ.
ნოდარ შონია, მე და ჩემი ხობი, ქუთაისი 1985 წ.
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007 წ.
ხობის მონასტერი, შემდგენლები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000 წ.
ასევე იხილე კატეგორიაში - ხობი: