Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ჭალადიდი: ჭალადიდის შესახებ

ჭალადიდი

ფართობი - 3071,75 ჰა.

მოსახლეობა - 2774 ადამიანი.

შემავალი სოფლები: საბაჟო (თემის ცენტრი), საქორქიო, საღვამიჩაო, საჭოჭუო,

მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 18 კმ

 

 

                    

ამ სახელით საქართველოში ორი დასახლებაა ცნობილი: ქვემო და ზემო ჭალადიდი. XIX საუკუნეებში ისინი ერთ თემს წარმოადგენდნენ. ამჟამად პირველი ხობის მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე სენაკის მუნიციპალიტეტში შედის.

 

ჭალადიდი მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 3 მ. სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 18 კმ-ით.

 ჭალადიდის თემის ტერიტორიაზე გადის სენაკი-ფოთის სარკინიგზო ხაზი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ს-2 და შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის გზა - საბაჟო-ხობი.

ამჟამად მის შემადგენლობაშია სოფლები: საბაჟო, საქორქიო, საღვამიჩიო, საჭოჭუო.

სახელწოდება ჭალადიდი წერილობით წყაროებში პირველად დასახელებულია 1616-1639 წლებში დაწერილ „შეწირულების წიგნში“, სადაც აღნიშნულია, რომ ლევან დადიანის „ბიჭვინთისადმი“ შეუწირავს სხვა სოფლის მცხოვრებლებთან ერთად ჭალადიდელებიც „გამორჩეულნი“ მეთევზენი. თვით ლევან დადიანის ერთ-ერთ სიგელში ნათქვამია: „წყლის პირს რიონზედა ჭალადიდსა ნახევარი ბაჟი ხოფისა ღვთისმშობლისა არის“. ცხადია, შუა საუკუნეებში ჭალადიდელთა ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა თევზაობა იყო.

ტოპონიმი ჭალადიდი დასახელებულია იოჰან ანტონ გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერში.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მთიანი სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოსულ გლეხებს, რომლებიც ნოყიერ მიწებს ეძებდნენ გაუჩეხავთ ტყეები და შეუქმნიათ დასახლებები - საღვამიჩაო, ჩხარის დასახლება, ქუთაისის დასახლება.

საბაჟო ჰქვია ჭალადიდის ცენტრალურ ნაწილს, აქ არის რკინიგზის სადგური. XIX საუკუნის დასაწყისში ყულევი და რიონი ერთმანეთთან დაუკავშირებიათ სანაოსნო არხით, აქ კი დადიანებს გამართული ჰქონიათ საბაჟო და ადგილის სახელწოდებაც ამიტომ გაჩენილა.

საქორქიო მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ამჟამად იგი მოსახლეობისაგან პრაქტიკულად დაცლილია.

ჭალადიდი და მისი შემოგარენი ძალიან მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით, აქ სხვადასხვა დროს არქეოლოგიური გათხრები ჩაატარეს პროფესორმა თეიმურაზ მიქალაძემ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ პაპუაშვილმა. შესწავლილ იქნა საქორქიოში ძველკოლხური ნამოსახლარი სახელწოდებით „სიმაგრე“, ხოლო საბაჟოში - „ზურგა“. საღვამიჩიოს სასაფლაო ძველ კოლხურ ნამოსახლარზეა გამართული. ძალიან საინტერესიოა ადგილი, რომელსაც „მანცხვარკარს“ ეძახიან. უამრავი ძეგლია შესწავლილი როგორც მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ასევე მარცხენა ნაპირზე სოფელ საქორქიოსა და მდინარე ფიჩორის შორის მდებარე ტყეებში.

საღვამიჩაოს პირველი მოსახლე გადმოცემით ყოფილა დავით ღვამიჩავა, შემდეგ მისი ნათესავებიც ჩამოსულან და ასე გაჩენილა სოფელი საღვამიჩაო.

საჭოჭუო ადრე ძირითადად ჭოჭუების გვარის ადამიანებით იყო დასახლებული, ამჟამად აქ სხვა გვარის, მათ შორის საბჭოთა ხელისუფლების დროს იმერეთიდან გადმოსახლებულნიც ცხოვრობენ.

ამჟამად ჭალადიდში 311 გვარის 976 კომლი, 2774 სული ცხოვრობს. გავრცელებული გვარებია: დემანია, ბერაია, გელენიძე, დარჩიძე, სესქურია, ჭოჭუა, ჯიშკარიანი, კირთაძე, ჯვარელია, ბანძელაძე, გვასალია, დარჯანია, გაბელაია, ქორქია, ტალახაძე, ფაცია, ღვამიჩავა, გიგაშვილი, ჩაჩიბაია, ზარგინავა, ლაკირბაია, ცინაძე, ბუცხრიკიძე, ბუხრაშვილი, კერესელიძე, ნიკოლაძე ....

ჭალადიდში მოქმედებს საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მეცხოველეობა და მემარცვლეობა.

ამჟამად სოფლის ცენტრში ფუქციონირებს წმ. ნინოს სახელობის ეკლესია, მღვდელსახურია მღვდელი გიორგი გენძეხაძე. ტაძარი აშენდა სოფლის მკვიდრების და-ძმა რიჩარდ და ბარბარე ხუადეების ძალისხმევითა და ფინანსებით.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ჭალადიდში სამი ეკლესია მოქმედებდა: საჭოჭუოს წმ. მთავარანგელოზთა, საღვამიჩაოს წმ. გიორგის სახელობისა და საქორქიოს წმ. გიორგის სახელობისა. აქ მოღვაწეობდნენ მღვდელნი: ეგნატე სვანიძე, გრიგოლ სვანიძე, ბესარიონ არჩაია, რომანოზ ღვამიჩავა, ბესარიონ ჭანტურია, რომანოზ ჩოჩია, რომანოზ ბაბილუა, იოანე გვაძაბია, კალისტრატე კაჭარავა, ისიდორე ბაბულია, ათანასე ბაბილუა, ნიკოლაზ დათუაშვილი, იორდანე გაბისონია...

ჭალადიდელი იყო ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვლადიმერ ბაბილუა (1887-1962 წ.)

წარმოშობით აქაური იყო აკადემიკოსი ანდრო ღვამიჩავა, რომლის სახელსაც ატარებს საქართველოს ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრი. საქორქიოდან იყო ცნობილი მწერალი როდიონ ქორქია.

 

ლიტერატურა:

თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.

პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.

თეიმურაზ მიქელაძე, არქეოლოგიური კვლევა-ძიება რიონის ქვემო წელზე, თბილისი 1972.

მ. პაჭკორია, ფოთის წარსულიდან, თბილისი 1967.

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.

გოგიტა ჩიტაია, ფოთს ღვთისმშობელი იცავს, ფოთის ეპარქია 2002.

ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001


ასევე იხილე კატეგორიაში - ჭალადიდი: