www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge

გურიფული: გურიფულის შესახებ

 

გურიფული

ფართობი - 2767,36 ჰა.

მოსახლეობა - 1245 ადამიანი.

შემავალი სოფლები: პირველი გურიფული, მეორე გურიფული (თემის ცენტრი)

მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 3 კმ.

 

გურიფულის თემს მდინარე ხობი შუაზე ჰყოფს. მასში შედის სოფელი პირველი გურიფული, რომელიც მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფელი მეორე გურიფული. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 3 კმ-ით. სახელწოდების ადგილობრივი ვარიანტია: გურფული, გურფური. ორივე სოფელში ცხოვრობს 382 კომლი.

 გურიფულის თემში გავრცელებული გვარებია: დანელია, არზიანი, ტყებუჩავა, ჭანტურია, აბურჯანია, კულუა, სახეიშვილი, გვალია, ზარანდია, გვასალია, კვარაცხელია, ლორჩოშვილი, წურწუმია, ალანია, გვასალია, სახურია...

 თემში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და საბავშო ბაღი.

მიწები საკმაოდ ნაყოფიერია, კარგად ხარობს დაფნა, თხილი, ციტრუსი, მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და მარცვლეული კულტურების მოყვანაა.

თემში საინტერესო ტოპონიმებია: მდინარე - ზღვაია, მინდვრები: მუხურჭალე, ნაჯიხური, ნაგეჩუ, ნახაჯუ, ნაჭაჭკარი; სახნავი მიწა სახელწოდებით: ოფუჯე, საძიძა - ყანები, ჭალები: შამათია და ჭერეხი. დიხაზუგა - ხელოვნური ბორცვი; ტყეები: თხინადიდი, ნახანგარუ, წიფურონი; ღელეები: ნარჩაბუ, ოხარჩალე, ღალჩა, წყაბუ; პაპაშდიხა - მღვდლის მიწა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე პირველი გურიფულის სასაფლაოზე მდგარა წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია. ამ ეკლესიასთან 20 ივლისს ილიაობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ბოლო დროს კი, 29 ივლისს კვირიკობას აღნიშნავენ.

ზემოთ აღნიშნული სასაფლაო და მიმდებარე ტერიტორია ძველ კოლხურ ნამოსახლარს წარმოადგენს, აქ აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, გვიან რომაული ხანის კრამიტები, უფრო გვიანდელი მასალებიც, შესაძლოა აქ ადრექრისტიანულ ხანაშიც მდგარიყო ეკლესია...

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია პირველი გურიფულის უბან საკვარაცხელიოში, რომელიც მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, სამწუხაროდ ამ ძეგლს მდინარე რეცხავს და შლის, ეს ძეგლი დათვალიერებული აქვთ ცნობილ მეცნიერებს რევაზ და ნანა პაპუაშვილებს, დავით ლომიტაშვილს. აქ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის გოგიტა ჩიტაიას მიერ აღმოჩენილ იქნა ქვევრსამარხი, სხვადასხვა სახის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, მათ შორის ბერძნულიც. აქ მოპოვებული მასალები დაცულია ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ამჟამად მოსახლეობა სოფლის სასაფლაოზე ახალ ეკლესიას აშენებს.

გურიფულელები არიან: ცნობილი მოღერალი ლელა წურწუმია და პოეტი ლაშა გვასალია.

 

ლიტერატურა:

თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.

პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.

ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001


ასევე იხილე კატეგორიაში - გურიფული: