www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge

პირველი ხორგა: პირველი ხორგის შესახებ

ადმინისტრაციული შენობა

პირველი ხორგა

ფართობი - 1396,05 ჰა.

მოსახლეობა - 769 ადამიანი.

გამოღმა პირველი ხორგა (სოფლის ცენტრი)

 შემავალი უბნები: საშელიო, საბერაიო,საკორტა,სამირცხულა,სადოლბაიო,საქობალიო,საჩარგაზიო

 მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 5 კმ.

 

სოფელი პირველი ხორგა მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 5 კმ-ით. იგი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შედიოდა ხორგის თემში, რომელიც ერქვა ვრცელ ტერიტორიას მდინარე ხობის ორივე მხარეს ხობიდან ყულევამდე და არაერთგზის დასახელებულა შუასაუკუნეების სამართლებრივ ძეგლებში. ხორგის ტერიტორია და აქ მცხოვრებნი ხობის მონასტრის მამულებად და ყმებად ითვლებოდა, აქ აფხაზეთის კათალიკოსს სასახლე ჰქონია. ხორგა აღნიშნულია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე.

სოფელში 61 გვარის 281 კომლი, 769 სული ცხოვრობს. გავრცელებული გვარებია: ბერაია, კორტავა, შელია, დოლბაია, ჭაჭია, ჩარგაზია, ნაროუშვილი (ადგილობრივი ვარიანტი ნარსქუა), მირცხულავა, ქობალია, გვარამია...

პირველ ხორგაში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი.

მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მარცვლეული კულტურების მოყვანა და მესაქონლეობა. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს სიმინდი, ლობიო, სოიო, თხილი, ფეიჰოა, კივი. უძველესი დროიდან მისდევენ მეთევზეობას.

საინტერესო ტოპონიმებია: მინდვრები - ვეხი, მამული. ამაღლებული ვაკე - კოდორე, ტყე ნაბერუ, ყანა - ოფაშ ნავანუ. სახნავი - ოუნე. მინდორი - ბერულეფიშ კარე. ღელეები: ასუა, კარცხაპი, ნაბერუ, ნარჩაბუ, ოცხენებოგა, სასქური, სკვია, შქაღალი, წყაბუ, ლესქური; უბნები: საბერაიო, სამირცხულა, საგამსონიო, სადოლბაიო, საკორტა, სალეფონა, სანარსქუო, საშელიო, საჩარგაზიო, საჭოჭუო, საქობალიო.

სოფელში არის ადგილები: გვიმარონი, დიშ ნახორი, დიხაკიცი, ნააკოპუ, საანგურო, რომლებიც წარმოადგენს ძველკოლხურ არქეოლოგიურ ძეგლებს, ისინი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ძლიერ არის დაზიანებული.

პირველ ხორგაში მიწისზედა ისტორიული ძეგლები არ შემორჩენილა, აქ არის ადგილი, რომელსაც ოხვამეკარი-მუხურჭალე ჰქვია, სადაც ადრე მდგარა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში დაუნგრევიათ, ამ მიდამოებში მდინარე ხობის ნაპირზე დიდი რაოდენობით ფიქსირდება ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ამ სოფლიდან არიან: პოეტი ალიო მირცხულავა, სკოლის ეზოში დგას მისი ბიუსტი, ფუნქციონირებს ალიო მირცხულავას სახლ-მუზეუმი. პირველი ხორგიდან არიან აგრეთვე პოეტი-აკადემიკოსი ვაჟა ეგრისელი-დოლბაია, ისტორიკოსი ილია მირცხულავა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იონა მირცხულავა, რეჟისორი რეზო მირცხულავა.

 

 ლიტერატურა:

პაატა ცხადია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. ხობის რაიონი ქ. ფოთი. თბ. 2007

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია. ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი თბილისი 2000.

ფოთის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2002 წელი.

თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2011 წელი.


ასევე იხილე კატეგორიაში - პირველი ხორგა: