ხამისკური
ფართობი - 1836,32 ჰა.
მოსახლეობა - 1722 ადამიანი.
შემავალი სოფლები: ხამისკური (თემის ცენტრი), საკუკავო, საქირიო.
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 12 კმ.
ხამისკურის თემი მდებარეობს ურის მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 30 მ-ზე სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 12 კმ-ში. შედგება სამი სოფლისაგან: ხამისკური, საქირიო და საკუკავო. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე იგი შედიოდა ხეთის თემში. 1996 წელს ხამისკურში ცხოვრობდა 75 გვარის 653 კომლი. მრავალრიცხოვანი გვარებია: ქირია, კუკავა, გვაჯაია, კაკულია, სერგია, კობახიძე, ბაჩილავა, კვინჩია, ჭანტურია, კვარაცხელია, ფარცვანია, ჯგერენაია, კანკია, პერტია, ქანთარია ......
ხამისკურში მოქმედებს საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. ხამისკურის მოსახლეობა ურთის მთის სამხრეთ კალთაზეა შეფენილი, აქაური კლიმატური პირობები და ნიადაგი მეტად ხელსაყრელია ციტრუსებისთვის, დაფნისთვის, აქა-იქ შემორჩენილია ზეთისხილის ხის კორომებიც, ტყიან მასივებში კოლხეთისათვის დამახასიათებელ ფართოფოთლოვან ხეებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლხურ ბზას.
თემში რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია: ხეთის „ჯიხა“ - ციხე-სიმაგრე, რომელიც ცენტრალურ საავტომობილო გზასთან მდებარეობს. ამ ციხეს ვახუშტი ბატონიშვილი სამეგრელოს მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრესთან ერთად იხსენიებს. ურთის მთის მაღალ მწვერვალზე მდებარეობს „ჯეგეთის“ წმინდა გიორგის სალოცავი. სალოცავთან ორი ბუნებრივი და ერთი ხელოვნური გამოქვაბულია, ისინი მეცნიერების მიერ არ არის შესწავლილი. სალოცავს აკრავს გალავნის ნაშთები, რომელიც მეგალითური ნაგებობების შთაბეჭდილებას ტოვებს. „ჯეგეთას“ წმ. გიორგის ხატი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე სოფელში ნაწარუს (საკუკავო) წმ. გიორგის სამრევლო ეკლესიაში იყო დასვენებული. ხატის მსახურება უხსოვარი დროიდან კუკავების გვარის წარმომადგენლებს ევალებოდათ. ამჟამად „ნაწარუს“ სასაფლაოზე ადგილობრივი მკვიდრის აიეტ კუკავას ინიციატივითა და ფინანსური შემწეობით მოსახლეობა ახალ ეკლესიას აშენებს. გარდა ამისა სოფლის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლებია, ძალიან საინტერესოა საფარცვანიოში მდებარე ძეგლი სახელწოდებით „მისარონფერდი“, რომელზედაც ს. მაკალათიას მიხედვით ყველიერის დადგომამდე ორი კვირით ადრე „მირსობის“ ხატობა აღინიშნებოდა. „ჯეგე-მისარი“ სინათლის, ნათლის ღვთაება იყო. არქეოლოგ რევაზ პაპუაშვლის მიხედვით „მისარონი“ გვიან რომაული ხანის ნაქალაქარის შთაბეჭდილებას სტოვებს. საკვარაცხელიოში არსებული მცირე ბორცვი, სახელწოდებით „კურკუცია“ და „ქვედა საფარცვანიოში“ არსებული ხელოვნური შემაღლება, სახელწოდებით „დიხაგუძუბა“ ძველკოლხური პერიოდის ნამოსახლარებს წარმოადგენს.
ხამისკურის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ორი სამრევლო ეკლესია ფუნქციონირებდა: წმინდა გიორგისა - საკუკაოში, რომელშიც მსახურობდნენ მღვდელნი: დავით კუკავა, ტიმოთე სახოკია, დიაკვანი აქსენტი იოსავა; საქირიოში - წმ. მთავარანგელოზთა სახელობისა, სადაც მსახურობდნენ მღვდელნი: თევდორე ქირია, ოქროპირ ქირია, ზოსიმე მაქაცარია, ავქსენტი იოსავა.
ხამისკურიდან იყვნენ, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მსახიობები პიერ და ბადრი კობახიძეები.
პიერ კობახიძე დაიბადა 1907 წლის 29 ივნისს. 1924 წელს დაამთავრა თეატრალური სტუდია აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924 - 1930 წლებში იყო რუსთაველის თეატრის, ხოლო 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტის წოდება 1964 წელს მიენიჭა.
ლიტერატურა:
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001
ასევე იხილე კატეგორიაში - ხამისკური: